სახალხო დამცველმა მაღაროელის განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 21 დეკემბერს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ შპს „შუქრუთი +-ს“ რეკომენდაციით მიმართა.
ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა მაღაროელი, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციასთან სამუშაო სივრცეში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობების თაობაზე საუბრობდა. სამუშაო სივრცეში განმცხადებლის მიერ დასახელებული პრობლემები სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც დასტურდება.
მაღაროელის მტკიცებით, იგი სამსახურიდან სწორებ თავისი მოსაზრებისა და უკმაყოფილების გამოხატვის გამო გაათავისუფლეს. მოპასუხემ კი (შპს „შუქრუთი +-მა“) ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რომ განმცხადებლის გათავისუფლების მიზეზი შრომის უსაფრთხოების საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები არ იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა მოპასუხეს, განმცხადებლის მიმართ აღმოფხვრას დისკრიმინაციის შედეგები, კერძოდ, აღადგინოს იმავე ან ტოლფას პოზიციაზე; ხოლო მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა, საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით და უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.