სახალხო დამცველმა ასოციაციით სექსუალური ორიენტაციის და პროფესიული საქმიანობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
2021 წლის 21 დეკემბერს სახალხო დამცველმა შპს „კოპიპრინტ 2000-ს“ ასოციაციით სექსუალური ორიენტაციის და პროფესიული საქმიანობის გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ა(ა)იპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ წარმოადგენდა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მან 2021 წლის 6 ივლისს მიმართა შპს „კოპიპრინტ 2000-ს“, ორგანიზაცია „ევროპული ადამიანის უფლებათა ქსელის“ ბეჭდის ყალიბის დამზადების მიზნით, რაზეც, კომპანიის თანამშრომელმა, ჰომოფობიური მოტივით, უარი უთხრა. (ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვაა).
სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში მოპასუხემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცა და ვერ განმარტა ლეგიტიმური მიზანი, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების ვარაუდს გააქარწყლებდა.
თავის რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლგბტ+ თემის თანასწორუფლებიანობის მხრივ საქართველოში არსებულ პრობლემურ გარემოზე. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს მომსახურების გაწევაზე უარი 2021 წლის 6 ივლისს უთხრეს, რასაც წინ 5 ივლისს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელებული ჰომოფობიური ხასიათის ძალადობრივი ფაქტები უსწრებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „კოპიპრინტ 2000-ს“, კომპანიის თანამშრომლებმა მომავალში თავი შეიკავონ მომსახურების სფეროში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და პროფესიული ნიშნით, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან და სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს; ასევე, შეიმუშავოს დისკრიმინაციის აკრძალვისა და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი და უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოს ლგბტ+ თემისა და სხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას კომპანიაში.