რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა არასრულწლოვანის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაცია გამოსცა

2019 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს არასრულწლოვანის საცხოვრებელი გარემოს შეფასების და მისი განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2019 წლის 22 მაისის განცხადება, არასრულწლოვანის მიმართ განმეორებითი ძალადობის და სავარაუდო იძულებითი ქორწინების თაობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგები, მათ შორის, განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტი.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, დაიგეგმოს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კერძოდ, შეფასდეს არსებული რისკები და გარემო ფაქტორები რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობაზე თუ მისი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ბავშვის მშობლების როლის გაძლიერებით, მათი მხარდაჭერით და არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით.

აუცილებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად გატარონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების პროცედურის შესრულებაზე.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით იკვეთება, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებას (განსაკუთრებით, როდესაც არასრულწლოვანის ნების ფორმირებაზე სავარაუდო გავლენა მოახდინა წარსულში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, და რომელიც არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას), ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა. უმეტესწილად ხაზგასმულია ქორწინების ნებაყოფლობითობა ან/და ტრადიციული ფაქტორი და არ ტარდება ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)