სახალხო დამცველის რეკომენდაცია ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ
სახალხო დამცველმა 2021 წლის 21 დეკემბერს ასაკის ნიშნით (ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშანთან ერთობლიობაში) დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას.
განსახილველი საქმე ეხება ერთ-ერთ იშვიათ დაავადებას - ბეხჩეტის სინდრომს, რომლის ამბოლატორიული მეთვალყურეობისა და სტაციონარული მკურნალობის ხარჯები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს უფინანსდებათ.
სახალხო დამცველი რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ ბეხჩეტის სინდრომის მქონე პირისთვის ამ დაავადების სამკურნალოდ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ხელოვნურად დადგენილი წინაპირობა - 18 წლამდე ასაკი, ჯანმრთელობის უფლების დაცვას (მკურნალობასაც) არასისტემურს და არამიზნობრივს ხდის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ეს სინდრომი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა, როგორც წესი, გამოვლენას 20-დან 30 წლამდე ასაკობრივ პერიოდში იწყებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მოსახლეობის ეკონომიკური დაუცველობა იმის ყოველგვარ მოლოდინს აქრობს, რომ სრულწლოვანების შემდეგ დაავადებული მოახერხებს, თავისი ან ოჯახის შემოსავლით სრულად იტვირთოს მკურნალობისათვის საჭირო ის ფინანსური ტვირთი, რომელსაც მანამდე სახელმწიფო იღებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გადახედოს ბეხჩეტის სინდრომის მქონე სრულწლოვანი პირებისთვის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას.