რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა თიანეთის მერს ვიქტიმიზაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა

2019 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სამართლებრივი საშუალების გამოყენების გამო (ვიქტიმიზაცია) დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს თამაზ მეჭიაურს.

განმცხადებელი დასაქმებული იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე. იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, რასაც საფუძვლად დაედო მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დასკვნა განმცხადებლის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის - საჯარო დაწესებულების და საჯარო პირის რეპუტაციის შელახვის შესახებ. აღნიშნული დასკვნის თანახმად კი, რეპუტაციის შელახვად შეფასებულია იყო განმცხადებლის მხრიდან საქართველოს სახალხო დამცველისთვის წარსულში მიმართვის ფაქტი, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის 5 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიმართ რეკომენდაცია გაიცა. საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ განმცხადებელს წარსულში სხვა დისციპლინური სახდელებიც ჰქონდა დაკისრებული, რომლის საფუძველზე მერს მისი გათავისუფლების რეკომენდაცია მიეცა, თუმცა, განმცხადებელი სამსახურიდან არ გათავისუფლებულა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ განმცხადებლის მხრიდან შესაძლოა მართლაც ჰქონდა ადგილი ცალკეულ გადაცდომებს, რომელთა გამოც კანონშესაბამისი პროცედურებით დაეკისრა ორი დისციპლინური სახდელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში მერს ჰქონდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების რეკომენდაცია და უფლებამოსილება, თუმცა თავისი კეთილი ნებით დააკისრა მსუბუქი დისციპლინური სახდელი, ვერ იქნება შრომითი ურთიერთობის დისკრიმინაციული მოტივით შეწყვეტის საპირწონე არგუმენტი.

ამის საპირისპიროდ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პირისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება და მისი სამსახურიდან გათავისუფლება იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლების აღდგენის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა, ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომელმაც შესაძლოა სამომავლოდ მსუსხავი ეფექტი იქონიოს სხვა პირებისთვის და უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენებისთვის დამაშინებელ გარემოებად იქცეს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს, აღადგინოს შრომითი ურთიერთობა განმცხადებელთან და მომავალში სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებისას დაბრკოლება არ შეუქმნას თანამშრომლებს.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)