რეკომენდაციები.

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი

2017 წლის 15 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი მომზადებული რეკომენდაციები სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა (იურისტებმა, მედიისა და რელიგიის მკვლევარებმა) და რელიგიათა საბჭოს წევრებმა 2016-2017 წებში შეიმუშავეს. დოკუმენტში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის გზები. მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული ნორმების ცვლილების აუცილებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ეფექტურად იქნას გამოძიებული რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები; აღმოიფხვრას არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობა, რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის უფლების გაცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და სხვა.

რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციებით მიმართა მედიასაც, რითიც რელიგიური მრავალფეროვნების სრულფასოვანი ასახვისა და ქსენოფობური გაშუქების თავიდან აცილების მიზნით, საკითხებისადმი მეტი მგრძნობელობის, კვალიფიკაციისა და ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა.

რეკომენდაციები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ღავთაძემ, ასევე, რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელახონელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ.

ღონისძიება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ხელშეწყობით გაიმართა.

იხილეთ რეკომენდაციების ელექტრონული ვერსია

15.05.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)