რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღში არსებული არასათანადო პირობების თაობაზე

2019 წლის 29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა, ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღში არსებული არასათანადო პირობების თაობაზე, რეკომენდაციით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

სახალხო დამცველის აპარატში არსებული საქმისწარმოებისა და მონიტორინგების შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღის ქართულენოვან ჯგუფში არსებული მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ვერ პასუხობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების“ მოთხოვნებს.

განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ერთ ოთახში, ასაკის მიუხედავად (3-დან 6 წლამდე), 37 აღსაზრდელია განთავსებული. ამასთან, ეს ოთახი სარემონტოა - ჭერიდან ჩამოდის წყალი, შესაცვლელია ხის იატაკი და ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა. საპირფარეშოში არ არის გათბობა, ელექტოენერგია და ცხელი წყალი. ბავშვები ხელ-პირს ცივი წყლით იბანენ და განათების არარსებობის გამო, საპირფარეშოში შესვლა ეშინიათ. სააღმზრდელო ოთახი სათანადოდ ვერ ნიავდება, ავეჯი ძველი და ამორტიზებულია.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ჯგუფში ფაქტიურად არ არსებობს ასაკის შესაბამისი სათამაშოები, სახელმძღვანელოები, გასართობი და შემეცნებითი ნივთები.

საყურადღებოა, რომ სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია სკოლამდელი განათლების ქართულ ენაზე მიღების მსურველთა რაოდენობა, რაც ქართულენოვანი საბავშვო ბაღის არარსებობის პირობებში ვერ კმაყოფილდება. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, ხელს უშლის სახელმწიფო ენაზე განათლების მიღებისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესს.

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია საბავშვო ბაღის საერთო სარგებლობის დარბაზიც – ჭერი ავარიულია, იატაკი ერთ ადგილას ჩავარდნილია.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პასუხისმგებელ უწყებებს, გამოწვევებზე დროული რეაგირებისა და წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, გამოყოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მცირეწლოვანთა სკოლამდელი განათლების უფლების დაცვა, მათი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)