რეკომენდაციები.

რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტზე

2016 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, რომლის თანახმად, სამართალდამცავთა მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე განმცხადებლის სპეციფიური საჭიროებების გაუთვალისწინებლობის შედეგად იგი დაექვემდებარა პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. კერძოდ, განმცხადებელს არ მიეცა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, რამაც შელახა მისი ღირსება.

ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 2016 წლის 15 ივნისს თავის სამ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. პატრულ-ინსპექტორებს და განმცხადებლის მეგობრებს შორის წარმოიშვა კამათი, რომელიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, განმცხადებელი უშედეგოდ თხოვდა პატრულ-ინსპექტორებს, მისთვის მანქანის საბარგულიდან ეტლის გადმოტანის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა, განმცხადებელი იძულებული გახდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაში დაეკმაყოფილებინა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა ვალდებულებას, ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის დაძაბულ ვითარებაში, იმოქმედონ იმგვარად, რომ არ შეილახოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სამინისტროს მოსამსახურეთათვის უზრუნველყოს ტრენინგები და სხვა შესაბამისი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით რთული სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავებისა და აღნიშნული საკითხის მიმართ მოსამსახურეთა მხრიდან მგრძნობელობის ამაღლების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)