რეკომენდაცია შინაგან საქმეთა მინისტრს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს სასაზღვრო პოლიციიდან ზაალ გაგნიძის გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ზაალ გაგნიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს პროფესიული მომზადების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 2013 წლის 2 აგვისტოს დისციპლინური სახდელის საფუძველზე დაითხოვეს.
2013 წლის 24 სექტემბრის სასაზღვრო პოლიციიდან სახალხო დამცველს წერილობით აცნობეს, რომ ზაალ გაგნიძე სასაზღვრო პოლიციიდან დაითხოვეს თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამასთანავე, გაგნიძის დათხოვნას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შსს გენერალური ინსპექციის დასკვნით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიღებისას იმ გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებების და არგუმენტების გამოკვლევისა და შესწავლის ფაქტი, რომელიც საფუძვლად დაედო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზაალ გაგნიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებისა და ფაქტის შესწავლის შედეგად და გადაწყვეტილების შესაბამის დასაბუთებულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში ასახვით.
სასაზღვრო პოლიციის დირექტორის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი წარმოშობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს.