რეკომენდაცია საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველმა საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების შესახებ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სტატუსის მოხსნის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებები მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მოეხსნა 2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, რომელიც 2014 წლის 12 დეკემბერს მინისტრის ბრძანებითვე გამოცხადდა ძალადაკარგულად. ამასთან, იმავე დღეს, 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ისევ მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს.
ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებისას უზრუნველყოფილი არ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა საქმის ყოველმხრივი და ობიექტური შესწავლის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მხოლოდ ამ გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღების შესახებ. ასევე, უზრუნველყოფილი არ იქნა ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რის გამოც სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაირღვა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, დაცული არ იქნა საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის, ორჰუსის კონვენციის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს:
1. უზრუნველყონ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესწავლა და შესაბამისი აქტების გამოცემა კანონით დადგენილი წესით;
2. გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მიიღონ ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით და მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.