რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ქუთაისის მერს სოციალურად დაუცველის თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქუთაისის მერს სოციალურად დაუცველი თ.ღ-ს თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

თ.ღ-ს ოჯახს არა აქვს საცხოვრებელი სახლი და თავის შვილთან ერთად თავს აფარებს საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლს, რომელიც არის სხვისი საკუთრებაა და მომავალში ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. თ.ღ-ს განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა ქუთაისის თვითმართველობას თავშესაფრით დაკმაყოფილების მოთხოვნით თუმცა უშედეგოდ.

თ.ღ.–ს ოჯახი რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თუმცა, მას დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს სოციალური დახმარება. შესაბამისად, ოჯახს არანაირი შემოსავლის წყარო არ გააჩნია.

უსახლკაროდ დარჩენილი პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამდენად, უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ვინაიდან, თ.ღ-ს ოჯახს დამოუკიდებლად არ შეუძლია უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მას სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ესაჭიროება მყისიერი და ეფექტური დახმარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)