რეკომენდაცია ფოთის მერს
საქართველოს სახალხო დამცველმა შპს ინფრასტრუქტურა-2008 ყოფილი დირექტორის რატი კვანტრიშვილის გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა თვითმმართველი ფოთის მერს დათო სარსანიას.
რატი კვანტრიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლის მიზნით სახალხო დამცველს 2013 წლის 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა. ფოთის მერიიდან გამოთხოვილი სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ფოთის მერის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმები.
შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ დაფუძნებულია თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის განკარგულებით, 100% წილობრივი მონაწილეობით, მის დირექტორად რატი კვანტრიშვილი 2013 წლის 18 თებერვალს დაინიშნა. ფოთის მერიასა და შპს „ინფრასტრუქტურა 2008“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 15 თებერვალს. ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტი არის ქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და გაუვნებელყოფა. სანაგვე ურნა-კონტეინერების დაცლა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა უნდა მომხდარიყო დღეში ორჯერ, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.
2013 წლის 18 ივლისის ფოთის მერის ბრძანებით რატი კვანტრიშვილს მიეცა გაფრთხილება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის. სწორედ ეს გაფრთხილება გახდა შემდგომში კვანტრიშვილის გათავისუფლების საფუძველი. მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებად მიჩნეული იქნა ის ფაქტი, რომ 2013 წლის 1 ივლისს 13:40-14:30 საათზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ იყო გატანილი სარსანიასა და ელადას ქუჩებიდან. ასევე, 4 ივლისს 12:30 საათზე ქალაქის ნაგავსაყრელზე არ მუშაობდა ტრაქტორი და არ ხდებოდა ნარჩენების გაუვნებელყოფა.
რატი კვანტრიშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნაგავმზიდი მანქანები გამოსული იყო მწყობრიდან და საჭიროებდა შეკეთებას, რის თაობაზეც მან არაერთხელ მიმართა მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ 2013 წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ივნისში და ივლისში „ინფრასტრუქტურა 2008“-ის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და გაუვნებელყოფის მომსახურების ხარისხი და საბოლოო შედეგი მისაღები იყო თვითმმართველი ქალაქ ფოთისათვის.
რატი კვანტრიშვილმა გაფრთხილება გაასაჩივრა ფოთის საქალაქო სასამართლოში და სასამართლომ 2013 წლის 29 აგვისტოს სადავო საკითხი გადაუწყვეტლად ბათილად ცნო. ფოთის მერს კი ერთი თვის ვადაში არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
იმავე დღეს, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ფოთის მერმა შპს „ინფრასტრუქტურა 2008“-ის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების ბრძანებაში იგივე ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული, რაც გაფრთხილების მიცემისას. გამოდის, რომ ერთი და იგივე დარღვევაზე რატი კვანტრიშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის 2 სახე - გაფრთხილება და სამსახურიდან გათავისუფლება.
თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში რამდენიმე განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებიც არის მითითებული, თუმცა ყოველი მათგანი დაუსაბუთებელია და დარღვევების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფოთის მერის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით შპს „ინფრასტრუქტურა-2008“-სა და ფოთს შორის არსებული ხელშეკრულების დარღვევა შეფასებულია როგორც რატი კვანტრიშვილის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევა და შესაბამისად, გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსი. „ინფრასტრუქტურა-2008“ სამართლებრივი ფორმით არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს. სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის სამართლებრივი ფორმები კი, რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და არა შრომის კოდექსით.
შპს „ინფრასტრუქტურა-2008“-სა და თვითმმართველ ქალაქ ფოთს შორის 2013 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება არის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება და არა შრომითი ხელშეკრულება რატი კვანტრიშვილთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ რატი კვანტრიშვილის გათავისუფლებისას დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და ქალაქ ფოთის მერს დარღვეული უფლების აღსადგენად კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციით მიმართავს.