რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ე.წ. დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე ქალის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

2015 წლის 9 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის #115 საჯარო სკოლის დირექტორს შეისწავლოს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი ლ.ღ–ს სამსახურიდან გათავისუფლების საქმე და კანონის შესაბამისად მოახდინოს დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ლ.ღ–ს განცხადება სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების დროს შრომითი ურთიერთობები ჩერდება; შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის დროებითი და არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. ამასთან, კოდექსის 37-ე მუხლში ჩამოთვლილია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები, რომელთაგან არც ერთი მიზეზი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ლ.ღ–ს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში განიხილა ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განუხრელი შესრულების აუცილებლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)