რეკომენდაციები.

რეკომენდაცია დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის რეაგირების მექანიზმების დანერგვის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის რეაგირების მექანიზმი, შესაბამისი სანქციების სისტემით, რომელიც სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შეუქმნის დასაქმებულებს და მინიმუმამდე შეამცირებს სექსუალური შევიწროების რისკს.

რადგან ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში დაფიქსირდა სექსუალური შევიწროების შემთხვევა, სახალხო დამცველის აპარატი მზადაა გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი თანასწორობის პრინციპების დაცვასა და დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენციას.

სახალხო დამცველმა 2014 წლის 25 ნოემბერს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა. გაითვალისწინა რა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების განხორციელების მნიშვნელობა პრაქტიკაში, სახალხო დამცველის აპარატმა აიღო ვალდებულება, თანამშრომლებს შეუქმნას სექსუალური შევიწროებისაგან თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ზომების განხორციელებას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს გაიზიარონ სახალხო დამცველის გამოცდილება და შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმების დამტკიცებით ხელი შეუწყონ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)