რეკომენდაციები.

პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაცია ტექნიკურ უნივერსიტეტს

2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროს მასწავლებელს, რომლის კვალიფიკაციის საკითხიც სადავო არასოდეს გამხდარა, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. განმცხადებელი ამ ფაქტს 2016 წლის აპრილში უნივერსიტეტში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობით ხსნის, სადაც იგი უნივერსიტეტში არსებული სწავლების დაბალი დონისა და რექტორის ხელმეორედ არჩევის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ გამოდიოდა.

საქმის შესწავლის პროცესში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რეალური გამამართლებელი საფუძველი, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და მოუწოდა სამუშაოზე აღდგენის გზით აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)