რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა

2021 წლის 19 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა. კერძოდ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ა. ც.-სთვის გადაცემის წამყვანის ფუნქციების ჩამოშორება, განპირობებული იყო მის მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებების გამო და ადგილი ჰქონდა შრომის უფლებაში ჩარევას განსხვავებული მოსაზრებების გამო.

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედს“ რეკომენდაციით მიმართა, მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. ასევე, უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მხარეთა პოზიციების, წარმოდგენილი აუდიო-ჩანაწერების და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და „ტელეიმედის“ ხელმძღვანელობას შორის არსებული კომუნიკაცია სარედაქციო პოლიტიკის თაობაზე, ცალსახად მიუთითებს მხარეთა განსხვავებულ დამოკიდებულებებს. ა. ც.-მ გამოხატა არაერთი მოსაზრება, რომელიც არ ემთხვეოდა კომპანიის ხედვებს. ასევე, ა. ც.-მ არ შეასრულა ხელმძღვანელის მითითება ერთ-ერთი სიუჟეტის არ გაშვების თაობაზე, ხოლო ბოლო გადაცემაში ღიად განაცხადა მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის თაობაზე.

რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ განმცხადებელსა და ტელეკომპანიის დირექტორს შორის პირველი საუბრის გამართვიდან (2019 წლის 24 დეკემბერი) მალევე დაიხურა გადაცემა „ბიზნესი“ (2020 წლის 19 თებერვალი) და განმცხადებლისთვის ფუნქციური ცვლილებით, გადაცემის წამყვანობიდან ჩამოშორება დროში დაემთხვევა მისი მხრიდან გამოხატულ განსხვავებულ მოსაზრებებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)