რეკომენდაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ბაკაშვილს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის მარინე გოგოლაძის გათავისუფლების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი სპეციალისტის მარინე გოგოლაძის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მარინე გოგოლაძე 2013 წლის 8 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან - არაერთგზის სამსახურეობრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებისთვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, მარინე გოგოლაძემ, მიუხედავად არაერთგზის სიტყვიერი გაფრთხილებისა, არ გამოასწორა არც ერთი შეცდომა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გოგოლაძის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ აღმოჩნდა.
მართალია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს საკრებულოს თავმჯდომარეს ბრძანებით გაათავისუფლოს თანამდებობიდან საკრებულოს აპარატის მოსამსახურე, მაგრამ, იმავდროულად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას საკრებულოს თავმჯდომარე უნდა მოქმედებდეს კანონისმიერი დანაწესის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოხსენებულ საქმეში კი არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მარინე გოგოლაძის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების (დისციპლინური გადაცდომის ჩადენის) ფაქტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება მარინე გოგოლაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არღვევს მოქალაქის უფლებებს.