რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს შეისწავლოს საჯარო მოხელის მანანა ც.-ს სამინისტროდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე მანანა ც.-მ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებლისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები და გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს მოქალაქე მანანა ც.-ს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლების დარღვევას.
მოქალაქე მანანა ც. 2009 წლის 2 თებერვლიდან 2013 წლის 27 თებერვლამდე მუშაობდა ზემოაღნიშნული სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროს სპეციალისტად (II კატეგორია). 2013 წლის 30 იანვარს იგი გაფრთხილებული იქნა სამსახურის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
2013 წლის 1 მარტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით მანანა ც. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანება გათავისუფლების შესახებ წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს და მასში დასაბუთებული უნდა ყოფილიყო რატომ მოხდა მანანა ც.-ს თანამდებობიდან გათავისუფლება შტატების შემცირების საფუძვლით მაშინ, როცა სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოში საშტატო ერთეულის - უფროსი სპეციალისტი (II კატეგორია) შემცირება არ განხორციელებულა და რის საფუძველზე მიენიჭა დანარჩენ საჯარო მოხელეებს უპირატესობა. ამ ფაქტობრივ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
იმ შემთხვევაში კი, თუ ადგილი ექნებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოში უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებას სამინისტრო ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა მანანა ც.-ს პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, შტატების შემცირების საფუძვლით საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებისა და ფაქტის შესწავლის შედეგად და მხოლოდ ამის შემდეგ – შესაბამისი დასაბუთებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რომლითაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.
ამდენად, 2013 წლის 1 მარტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N140-კ ბრძანება მანანა ც.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლის უფლებებს.