რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სოციალურად დაუცველ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ლერი დემეტრაშვილს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა თბილისში, ღოღობერიძის ქ. #3-ში (ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობა) მცხოვრები უსახლკარო მოქალაქეების წარმომადგენელმა ვახტანგ თალაკვაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამოსახლებასთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის მიზნით, 2013 წლის 24 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს ღოღობერიძის ქუჩის #3-ში მცხოვრები მოსახლეობა. შენობაში მცხოვრები 30 ოჯახი რეგისტრირებულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ ზღვრული სარეიტინგო ქულები. სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ დაკავებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

2013 წლის 29 ივლისს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ტერიტორიული ორგანო, უძრავი ქონების მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლებას ახორციელებდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ადგილზე მისვლისას გაირკვიეს, რომ 8 ოჯახი დაკმაყოფილებულ იქნა ალტერნატიული თავშესაფრით და მათ ნებაყოფლობით დატოვეს ტერიტორია. დარჩენილი 22 ოჯახის განცხადებით, შერჩევა არაობიექტურად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან გამოსასახლებელი ოჯახების წევრთა შორის არიან მძიმე ავადმყოფები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და არასრულწლოვნები. ისინი იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ თავშესაფრის მოძიება. ამდენად, წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მათი სოციალური უფლებების რეალიზაციის მიზნით, ადეკვატური დახმარება ესაჭიროებათ.

„სოციალური დახმარებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკაროდ დარჩენილი პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამდენად, უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

როგორც ცნობილია, ამჟამად თბილისის მერიის ნაძალადავის რაიონის გამგეობას თავისუფალი საბინაო ფონდი არ აქვს, თუმცა რესურსების ნაკლებობა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. სახელმწიფოს ეკისრება მინიმალური ძირითადი ვალდებულება – მინიმალურ დონეზე მაინც უზრუნველყოს თითოეული უფლების განხორციელება.

საქმეზე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს თბილისში, ღოღობერიძის ქუჩის #3-ში (ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობა) მცოხვრები 22 ოჯახის სწრაფად და ეფექტურად თავშესაფრით უზრუნველყოფა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)