რეკომენდაცია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა მინისტრს გაითვალისწინოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ნ.ა.-ს და მისი ორი დის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა და უზრუნველყოს ისინი საცხოვრებელი ფართით.
საქართველოს სახალხო დამცველს თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა ნ. ა.-მ.
განცხადებიდან და თანდართული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ ნ. ა. დებთან ერთად ცხოვრობს ქირით, ქ.თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში. ისინი რეგისტრირებულები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება.
განმცხადებლის მესამე დას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კერძო საკუთრებაში გადაეცა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართი. კერძოდ, ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. N25ა.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ასევე დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. ა.ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს დაეკისრა ვალდებულება, სამივე და უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაში.
თუმცა, მ. ა.-ს ოჯახი შედგება 7 წევრისაგან და საკუთრებაში არსებული ფართი შეადგენს მხოლოდ 69.19 მ2-ს. შესაბამისად აღნიშნულ ფართში არასდროს უცხოვრია განმცხადებელ ნ.ა.-ს და მის ორ დას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტროსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტები, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, ითვალისწინებს 5-6 მოსახლეზე 50-60 მ2 საცხოვრებელ ფართს. ხოლო დამატებით 5მ2-ს თითოეულ მოსახლეზე.
კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტების შესახებ შექმნილი დოკუმენტის მთავარი მიზანი ყველა დევნილის შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. ვინაიდან, 10 ადამიანის ცხოვრება 69.19 მ2-ში შეუძლებელია, მოცემულ შემთხვევაში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - ნ.ა. და მისი ორი და რეალურად არ არიან სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით.
აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განმცხადებლის ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე. ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს დევნილთათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარება. აქედან გამომდინარე, დები ვერ ახერხებენ ყოველთვიურად ქირის გადახდას. შესაბამისად არსებობს თავშესაფრის გარეშე დარჩენის რეალური საფრთხე.