რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია საერთო სასამართლოებს

2012 წლის 10 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელის საფუძველზე გამართულ სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით.

სასამართლოში ვიზიტის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე კობა ნადირაძისა და სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველი სხვა მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დარღვევის შესახებ.

კერძოდ, მოქალაქე კობა ნადირაძემ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებმა ვერ შეძლეს სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით შენობის მე–6 სართულზე გადაადგილება, რადგან სასამართლოს შენობა სრულად არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებისათვის.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლო შენობის სართულებზე გადაადგილება შესაძლებელია ლიფტის საშუალებით, სხდომის დარბაზში მოხვედრის მიზნით დამატებით საჭიროა კიბის უჯრედით სარგებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილობის შეზღუდვის მქონე პირისათვის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 42- ე მუხლის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ აღნიშნული დებულება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება რათა სასამართლო ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

სასამართლოზე ხელმისაწვდომობა მოიცავს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას დავის საწარმოებლად მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ტერიტორიულ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობასაც.

2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობდა პრობლემაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ პირთათვის რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება და საერთო სასამართლოებს მისცა შესაბამისი რეკომენდაცია.


ზემოაღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა სასამართლო შენობების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებს მიმართავს რეკომენდაციით, უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა სასამართლო (მათ შორის სასამართლო სხდომის დარბაზები) ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აღნიშნული პრობლემის მოგვარებამდე სასამართლო სხდომების ჩატარებისას გათვალისწინებული იყოს ზემოაღნიშნული გარემოება და სასამართლო სხდომები გაიმართოს იმ დარბაზებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხარეთა ) დასწრება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)