სახალხო დამცველის რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრს
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაიხედოს სოციალური დახმარებების სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები, რათა მოხდეს საარსებო შემწეობის შენარჩუნების მიზნით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ გენდერული ძალადობის არსებული ფაქტების დამალვის/უგულებელყოფის ტენდენციის თავიდან აცილება და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური დაცვის გარანტიების განმტკიცება; ასევე, შემუშავდეს ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და ასევე არასამთავრობო სექტორში არსებულ თავშესაფრებს შორის, რათა, მსხვერპლის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის ღონისძიებები არ მოვიდეს წინააღმდეგობაში მისი და მისი შვილების სოციალური დაცვის ღონისძიებებთან.
საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე ხ.ჩ.-რ.–მ, რომელიც ითხოვდა დახმარებას ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობისგან დაცვის მიზნით. ქალბატონი ხ.ჩ.-რ. და მისი არასრულწლოვანი შვილი ლ.რ. არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. კერძოდ, ყოფილი მეუღლე, დედამთილი და ოჯახის სხვა წევრები მათზე პერმანენტულად ახორციელებდნენ ძალადობას. აღნიშნულის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში.
სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ განხორციელდა არაერთი მცდელობა ხ.ჩ.-რ.–სა და მისი შვილის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში რეფერირების კუთხით; თუმცა, ხ.ჩ.-რ.–მ ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა, რისი მიზეზიც ფინანსური დახმარების ძირითადი წყაროს – საარსებო შემწეობის დაკარგვის საფრთხე აღმოჩნდა.
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ აღნიშნული პრობლემის სისტემური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტორი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან თავშესაფარში გადასვლაზე უარის თქმის საფუძველი ხშირად ხდება, რაც თავის მხრივ მათ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.