რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა მინისტრს

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადმინისტრაციული პატიმრების გიორგი ჯიქიას, გიორგი ნაცვლიშვილის, ვახტანგ შაქარაშვილის და კახაბერ მუმლაძის კანონით გათვალისწინებული ყველა უფლების რეალიზება, ასევე შეისწავლოს უფლებადარღვევის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, განიხილოს იმ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებებითაც დაირღვა ზემოაღნიშნულ პატიმართა უფლებები.

2012 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს გიორგი ჯიქიას, გიორგი ნაცვლიშვილს და ვახტანგ შაქარაშვილს, ასევე გარდაბნის დმი-ში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს - კახაბერ მუმლაძეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში უხეშად ირღვევა მათი უფლებები.

გ.ჯიქიას, გ.ნაცვლიშვილისა და ვ.შაქარაშვილის განმარტებით #2 დმი-ში მათ არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებებით, კერძოდ, ვერ სარგებლობენ პაემნით, ტელეფონით, გასეირნების უფლებით, არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შხაპი, იქონიონ ჰიგიენის ნივთები, ასევე ჟურნალ-გაზეთები და რელიგიური ლიტერატურა.

კ.მუმლაძის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ის ვერ სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებებით, გარდაბნის დმი-ს ადმინისტრაციამ არ მისცა საშუალება, განცხადებით მიემართა სახალხო დამცველისთვის. მან განაცხადა, რომ შიმშილობს და ამის გამო ითხოვდა სამედიცინო მეთვალყურეობას და ექიმს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მას არ დაუკმაყოფილდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)