სახალხო დამცველის რეკომენდაცია თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს შეისწავლოს მოქალაქე ნაზიბროლა ღოღობერიძის საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ. ღოღობერიძემ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით მისი შრომის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
საქმის მასალების ყოველმხრივად შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი აქვს მოქალაქე ნ. ღოღობერიძის უფლების დარღვევის ფაქტს შემდეგ გარემოებათა გამო.
2011 წლის 1 იანვრამდე ნ. ღოღობერიძე მუშაობდა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2010 წლის 31 დეკემბერს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით ნ. ღოღობერიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის რეორგანიზაციის გამო.
რეორგანიზაციის შედეგად თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის 6 (ექვის) საშტატო ერთეული შემცირდა ერთი საშტატო ერთეულით და დარჩა 5 (ხუთი) საშტატო ერთეული.
ნ. ღოღობერიძეს მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილებაში არსებული ექვსი მთავარი სპეციალისტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ეკავა ერთ–ერთი. შესაბამისად, ის, თუ რატომ მოხდა 6 მთავარი სპეციალისტიდან ნ. ღოღობერიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭა დანარჩენ 5 სპეციალისტს უპირატესობა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
მოცემულ შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერია ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა ნ. ღოღობერიძის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. თუმცა, მერიას ეს ქმედება არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლითაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი.