რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, შეისწავლოს ირაკლი გადელიას მდგომარეობა, გაითვალისწინოს მისი შვილის, მიხეილ გადელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკურნალობისათვის აუცილებელი პირობები და გაატაროს ირაკლი გადალიას ოჯახისთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელი ღონისძიებები.

საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან დევნილმა, ირაკლი გადელიამ. იგი ოჯახთან ერთად კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია და ცხოვრობს ქ.ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში.

განმცხადებლის განმარტებით, მისი საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა. სახლის სახურავი და კედლები დაზიანებულია, რაც საფრთხეს უქმნის ი. გადელიას ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ირაკლი გადელიას შვილს, მიხეილ გადელიას პრობლემები აქვს ჯანმრთელობის კუთხით. კერძოდ, სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ მიხეილ გადელია დაავადებულია მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიით.

ზემოაღნიშნული პრობლემის თაობაზე ირაკლი გადელიამ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მიუხედავად ამისა, ირაკლი გადელიას განმარტებით, კონკრეტული ინფორმაცია, მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მისთვის ამ დრომდე უცნობია.

2012 წლის 1 და 29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სამინისტროს და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ირაკლი გადელიას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან ან მისი საცხოვრებლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას ქ.ზუგდიდში მდებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ, რის გამოც, აღნიშნულ შენობაში ჩასახლებულ დევნილთა საკითხი აქტუალურია და მიმდინარეობს მათი გრძელვადიანი განსახლების პროცედურული მონიტორინგი.

მიუხედავად ამისა, კონკრეტული ინფორმაცია, ირაკლი გადელიას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვადების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მიუწოდებია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)