სახალხო დამცველის რეკომენდაცია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გაითვალისწინოს მოქალაქე ნათელა ცანავას ასაკი, ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობა და უზრუნველყოს იგი თავშესაფრით.
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნათელა ცანავამ თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განცხადებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 68 წლის ნათელა ცანავა არის მარტოხელა და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მას არ აქვს საცხოვრებელი და დროებით ცხოვრობს აბაშაში, ნათესავის ბინაში. საცხოვრებელ სახლს ცალ მხარეს კედელი არ აქვს, ამასთან სახლის ჭერი იმდენადაა დაზიანებული, რომ წვიმის დროს წყალი ჩადის, ასევე დაზიანებულია იატაკი.
ნათელა ცანავას ფულადი შემოსავლის წყაროს ზღვრული ასაკის გამო დანიშნული სახელმწიფო პენსია და საარსებო შემწეობა წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნათელა ცანავა ცხოვრობს უკიდურესად მძიმე სოციალურ – ეკონომიკურ პირობებში და მას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დამოუკიდებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო ფულადი სახსრები არ მოეპოვება.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით, ნათელა ცანავამ არაერთხელ მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას, თუმცა, თავისუფალი საბინაო ფართის არ არსებობის საფუძვლით, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ირღვევა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება.
უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. კერძოდ, თუ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ეფექტურად ვერ ხორციელდება უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, აღნიშნული წარმოადგენს, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.