სახალხო დამცველის რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, შეისწავლოს თბილისის 53–ს საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი და უზრუნველყოს მიხეილ ალექსიძის დარღვეული განათლების უფლების აღდგენა. ასევე, განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ.
2011 წლის 19 ოქტომბერს, სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ლალი ლეკიშვილმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ მისი შვილი მიხეილ ალექსიძე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაირიცხა #53–ე საჯარო სკოლიდან. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა დაუყოვნებლივ დაიწყო აღნიშნული განცხადების შესწავლა, ვინაიდან, განმცხადებლის ცნობით, მიხეილ ალექსიძეს 2011 წლის 13 ოქტომბრიდან შეზღუდული აქვს განათლების უფლება.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ახსნა–განმარტებებისა და განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრიდან დარღვეულია მოსწავლე მიხეილ ალექსიძეს განათლების მიღების უფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 35–ე მუხლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციის 28–ე მუხლით.
თბილისის 53–ე საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის საკითხის განხილვა მოხდა მიხეილ ალექსიძისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის დაუსწრებლად, ხოლო მათი ინფორმირება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ჩატარების შესახებ არ დასტურდება ოფიციალური დოკუმენტაციით. შესაბამისად, სახეზეა გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლების დარღვევა. ბავშვის უფლებაა მისი აზრი მოსმენილ იყოს სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, მათ შორის, განათლების პროცესში დისციპლინური წარმოების დროს.
საქმეში არსებული მასალები ადასტურებს, რომ დისციპლინური დევნა არ განხორციელდა ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურების დაცვით; კომიტეტის ყველა წევრმა განაცხადა, რომ სკოლის დირექტორის ახსნა–განმარტების გარდა, სხდომაზე სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რომელიც დაადასტურებდა მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს. საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. გადაწყვეტილება მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის მიმართ, სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრძანება მე–111 კლასის მოსწავლის მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ გამოსცა დირექტორმა. აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–12 პუნქტს, რომლის თანახმადაც მხოლოდ სკოლის დისციპლინური კომიტეტია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის დირექტორის ზემოთ მითითებული ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის 1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს არარა ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.