სახალხო დამცველის რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისა და ობიექტების მათ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესწავლოს აღნიშნულ ობიექტებში არსებული მდგომარეობა. იმ ობიექტებში, რომელთა დევნილთათვის გადაცემაც იგეგმება მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაატაროს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისათვის, ხოლო იმ ობიექტებიდან, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, მოახდინოს დევნილთა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა.
ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23–ე მუხლით დადგენილ 10 დღიან ვადაში, მინისტრმა სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია იგეგმება თუ არა „ლიკანი 2“ და „ლიკანი 3“–ში მცხოვრებ დევნილთათვის აღნიშნული კომპაქტურად განსახლების ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2011 წელს საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული კომპაქტური განსახლების ობიექტი არის უმძიმეს მდგომარეობაში. კერძოდ:
- ქ.თბილის, აგრარული უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი – კორპუსები 3 და 4 – მდებარე ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე–13 კილომეტრი; (აღნიშნული ობიექტი დევნილებს გადაეცათ კერძო საკუთრებაში;)
- ქ.თბილის, ბაგების სტუდქალაქი – კორპუსები 4 და 5 – მდებარე დაბა ბაგები; (აღნიშნული ობიექტი დევნილებს გადაეცათ კერძო საკუთრებაში.)
- ქ. ბორჯომი, „ლიკანი 2“ და „ლიკანი 3“ – მდებარე ქ. ბორჯომი, მესხეთის ქუჩა #63; (აღნიშნული ობიექტი იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთრებაში არ გადასცემიათ;
- ხობის რაიონი, ჭყონდიდელის ქ.#9-ში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი;
- ხობის რაიონი, სოფელ საჯიჯაოს მეურნეობის ბინები;
- ხობის რაიონი, სოფელ საჯიჯაოს ადმინისტრაციის შენობა;
- ქ.ჩხოროწყუ, საკონსერვო ქარხნის შენობა;
- ქ. ქუთაისი, ყოფილი „ტურბაზა რიონი’’, (მდებარე ახალგაზრდობის #5);
- ქ. ქუთაისი, ყოფილი #22 ბაგა-ბაღი, (მდებარე ნიკეას #1, შესახ. #13);
- ქ. გორი, „ავტოკემპინგი“ (ტურბაზა), (მდებარე სუხიშვილის ქ. #63);
- დაბა სურამი, სანატორიუმი „ფოლადი“;
- ქ.ფოთი, სასტუმრო „აიეტი“, (მდებარე მშვიდობის ქ. #12ა);
- ქ.ფოთი, ბაგა-ბაღი „მზიური“, (მდებარე თამარ მეფის ქ. #1);
- ხაშურის რ-ნი, სანატორიუმი „მზიური“, (მდებარე დაბა სურამი, აღმაშენებლის ქ.#100)
აღნიშნული ობიექტების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები. კერძოდ, აღნიშნულ შენობებში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა: დაზიანებულია სახურავები, მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, რიგ შემთხვევებში, კომპაქტურად განსახლების ობიექტები ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია, სარდაფებში ჩადის წყალი. ამასთან, საცხოვრებელი შენობების კედლები დაზიანებულია. სადარბაზოებში არ არის ჩასმული კარ–ფანჯრები, კიბეებს კი არ აქვთ მოაჯირი. ასევე, დაზიანებულია შენობების იატაკები. კომპაქტურად განსახლების ზოგიერთ ობიექტში, დევნილთა საცხოვრებელ ოთახებში ჩადის წყალი და არის სინესტე. ობიექტების ნაწილს აქვს სასმელი წყლის პრობლემა, ხოლო რიგ მათგანში ცხოვრება შეუძლებელია.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქ.ქუთაისში ახალგაზრდობის ქ.#5-ში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტში - „ტურბაზა რიონი“. აქ საბჭოთა კავშრის დროს აშენებული ხის კოტეჯებია. კოტეჯები სიძველის გამო, ფაქტობრივად დაშლის პირას არის მისული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ დევნილთა ნაწილი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. ადგილზე ცხოვრებას დევნილთა 15 ოჯახი განაგრძობს, რომლებიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწრაფოდ საჭიროებენ განსახლებას. დევნილთა განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარჩენილი დევნილები ახლად რეაბილიტირებულ საცხოვრებლებში ფართის უქონლობის გამო, უნდა დაელოდონ საცხოვრებლით დაკმაყოფილების მომდევნო ეტაპს. მსგავსი პრობლემა დგას ობიექტ „კურორტი ამაღლება“-შიც. შენობა ხის კოტეჯს წარმოადგენს, რომელიც დანგრევის პირას არის. აღნიშნულ ობიექტში 34 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ „ტურბაზა რიონი“-ს პრობლემა ასახულია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ჩემს 2010 წლის სპეციალურ ანგარიშში, სადაც გაკეთებულია შესაბამისი რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის დროს „ლიკანი 2“–ს და „ლიკანი 3–ს“ არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. აგრარული უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მილების გაუმართაობამ გამოიწვია სასმელი წყლის დაბინძურება. ამასთან, ბაგების სტუდქალაქის მე–4 და მე–5 კორპუსები არ არის გაზიფიცირებული.
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009–2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.1 ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პირველი ეტაპის ფარგლებში ხორციელდება კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ქვეპუნქტის საფუძველზე კოლექტიური ცენტრების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემამდე უნდა განხორციელდეს ამ ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.