საქართველოს სახალხო დამცველმა ტერმინი „ციგანი“ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია
2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა მედია საშუალება შპს „პირველს“, ვინაიდან მიიჩნია, რომ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ გამოყენებული ტერმინი „ციგანი“ დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და აძლიერებს ბოშა ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას.
შესაბამისად, სახალხო დამცველმა მედია საშუალებას მიმართა, რომ ფეისბუქის გვერდიდან აიღოს აღნიშნული სიუჟეტი და მომავალში მასალის მომზადებისას არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელთა ღირსებას შელახავს და მათ მიმართ სტიგმის და სტერეოტიპული განწყობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიმართა.