საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „ბუღას“ რეკლამები სექსისტურია
2017 წლის 9 ნოემბერს ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა.
ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის“. სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი არის ხაზი გაუსვას, რომ „ბუღა“ არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის“. სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა“ განკუთვნილია „მხოლოდ ნაშებისთვის“.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „ბუღას“ შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სექსისტური გამონათქვამების ან/და ფოტო/ილუსტრაციის შემცველი რეკლამა ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს ასეთ პრაქტიკას.
სახალხო დამცველმა კომპანია „წყალ მარგებელს“ მოუწოდა, რომ მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი იმგვარად, რომ არ უწყობდეს ხელს ქალების ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას, პატივი სცეს მომხმარებელთა უფლებებს და საქმიანობის პროცესში დაიცვას თანასწორობის პრინციპი.