ყველა ზოგადი წინადადება

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების არსებული მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა

2022 წლის 25 ოქტომბერს სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელის ბიოფსიქოსოციალური მოდელით ჩანაცვლება; ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამდგენ დაწესებულებებს დაავალოს, შეფასების პროცესში გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებები და სამედიცინო დოკუმენტებში აღმოფხვრან ტერმინ „შრომის უუნაროს“ გამოყენების პრაქტიკა.

სახალხო დამცველს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე უსინათლო პირმა მომართა, რომელიც მიუთითებდა, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განსაზღვრის შესახებ სამედიცინო კლინიკის მიერ გაცემულ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნაში, აღნიშნულია, რომ, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, იგი არის „შრომის უუნარო“.

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას, უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებები ხელმძღვანელობენ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით - „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. შეფასების შემდგომ, ყველა იმ პირის სამედიცინო დოკუმენტში, ვისაც შეზღუდვის ხარისხად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა განესაზღვრება, აღინიშნება, რომ იგი „შრომის უუნაროა“.

წლებია, სახალხო დამცველი ანგარიშებში ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო მოდელის კვლავ გამოყენების გზით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სისტემური დისკრიმინაციის პრაქტიკაზე[1]. მათ შორის, სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში და სრულად ჩაენაცვლებინა ბიოფსიქოსოციალური მოდელით[2].

სახალხო დამცველის შეფასებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის იმგვარი ჩანაწერის გაკეთება, რომ ისინი წარმოადგენენ „შრომის უუნარო“ პირებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და ზრდის შრომითი ბაზრიდან მათი გარიყვის რისკს. ამასთან, ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, განურჩევლად შეზღუდვის ტიპისა, ბლანკეტური შეფასების გაკეთება, რომ ისინი, სტატუსის სიმძიმიდან გამომდინარე, ვერ შეძლებენ შრომით ურთიერთობაში შესვლასა და შრომითი საქმიანობის განხორციელებას, კიდევ უფრო აძლიერებს მათ მიმართ არსებულ სტერეოტიპულ განწყობებს და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მყისიერი დანერგვის საჭიროებაზე მიუთითებს.


[1] საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2021) გვ.191, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2022040413242699860.pdf; საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“, (2021) გვ. 19, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2022022413230220707.pdf

[2] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“, (2021) გვ 71, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2022022413230220707.pdf

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)