ყველა ზოგადი წინადადება

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკების წახალისების აღმოფხვრისკენ მოუწოდა

2024 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“.

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემოს შესაფასებლად სახალხო დამცველის აპარატმა საქმისწარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო, 2024 წლის 8 ივლისს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საკითხის შესწავლის თხოვნით მეორე დღესვე, 2024 წლის 9 ივლისს აპარატს ასევე პროფკავშირმა „ლაბორმაც“ მიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მაუწყებელს“ ანონიმურად მიაწოდა მენეჯერების მიმოწერები, რომელიც ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებას, დამამცირებელ, რასისტულ, სექსისტურ და გარეგნობის გამო დასაქმებულებისადმი დამცინავ დამოკიდებულებებს შეიცავდა.

შპს „ევოლუშენ ჯორჯიადან“ და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი და მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა შეაფასა შესაძლო დისკრიმინაციული პრაქტიკების პოტენციური გავლენა კომპანიაში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობების ხარისხსა და დისკრიმინაციის წახალისების ფაქტორებზე.

მისასალმებელია, რომ კომპანიამ საჯაროდ გავრცელებულ მიმოწერაში მონაწილე, დისკრიმინაციის წამახალისებელ ქმედებებზე პასუხისმგებელ ყველა აქტიურ თანამშრომელთან დაასრულა სამართლებრივი ურთიერთობა. თუმცა, აღნიშნული ფაქტების შინაარსი, განსაკუთრებით მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის წამახალისებელი ქმედებები მიუთითებს, რომ კომპანიაში დისკრიმინაციული გარემოს მიმართულებით რიგი პრობლემებია და დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია.

კომპანიაში დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის განმტკიცების უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მოუწოდა:

  • შრომითი ხელშეკრულების დადებამდე კანდიდატს გააცნოს ინფორმაცია არა მხოლოდ პირთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო დებულებების, არამედ თანასწორობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, უფლების დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ.
  • სისტემატურად გადაამზადოს თანამშრომლები თანასწორობის პრინციპისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
  • შიდა ორგანიზაციული აქტები და პოლიტიკა დროულად და ეფექტიანად მოიყვანოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)