საქართველოს სახალხო დამცველმა ემზარ კვიციანს დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო ზოგადი წინადადებით მიმართა
2019 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრს ემზარ კვიციანს, არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას 2019 წლის 22 თებერვლის პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.
ზოგადი წინადადების მომზადებას საფუძვლად უდევს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარის მირტაგ ასადოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ემზარ კვიციანმა მის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა. განმცხადებლის ინტერესებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას, მირტაგ ასადოვი სიტყვით აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა, ხოლო ქართულ ენაზე თარჯიმანი თარგმნიდა. მირტაგი ასადოვის გამოსვლის დროს სიტყვით ჩაერთო ემზარ კვიციანი და მირტაგ ასადოვს მოუწოდა, თუ საქართველოს მოქალაქე იყო ქართულად ელაპარაკა.
გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს სახალხო დამცველმა შეაფასა როგორც სავარაუდო დისკრიმინაციის წამახალისებელი რეპლიკის შინაარსი, ასევე ამ განცხადების ავტორის პოლიტიკურ–სამართლებრივი სტატუსი და კონტექსტი, რომელშიც აღნიშნული განცხადებები გაკეთდა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ემზარ კვიციანის რეპლიკა თუ საქართველოს მოქალაქეა, ქართულად ილაპარაკოს, იყო მინიშნება, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, არ აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჯარო სივრციდან გარიყვას, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაშია ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის იდეასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური უმცირესობების სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საქართველოსთვის პრობლემად რჩება, პოლიტიკოსების მხრიდან დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებაზე. ამდენად, აუცილებელია, საჯარო პირებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, არ წააქეზონ დისკრიმინაცია უმცირესობათა მიმართ და ხელი შეუწყონ თანასწორი და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას.
ზოგად წინადადებაში საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პრაქტიკაში ეფექტიანად იქნება გამოყენებული საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვალის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, როგორც დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.