სახალხო დამცველმა სოციალური შემწეობის დანიშვნისას შშმ პირთა საჭიროებების გაუთვალისწინებლობა დისკრიმინაციულად მიიჩნია
2018 წლის 4 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა რამდენჯერმე შეაფასა უსინათლო, სოციალურად დაუცველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ბენეფიციარმა ვერ შეძლო პირადად გაცნობოდა სოციალური აგენტის მიერ შეტანილ მონაცემებს, რის გამოც აგენტმა თავად წაუკითხა დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია. განმცხადებლის განმარტებით, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაცია სრულყოფილად არ შეავსო და ყალბი მონაცემების მიწოდების მიზეზით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა 2017 წლის 10 ივლისის ბრძანებით, უსინათლო ადამიანს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია გაუუქმა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N141/ნ ბრძანება, რომელიც ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს, არ ითვალისწინებს, თუ როგორ უნდა გაეცნონ დეკლარაციას ისეთი პირები, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ დოკუმენტის წაკითხვა.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მხედველობის პრობლემის მქონე პირებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, მაქსიმალურად ჩაერთონ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და არ იყვნენ დამოკიდებული სხვა პირებზე, მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული სახის დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული ტექნიკური საშუალებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინსიტროს მოუწოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N141/ნ ბრძანებაში. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სოციალურ/ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება უზრუნველყოს ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით.