სახალხო დამცველის რეკომენდაცია სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ
2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიატროს პენიტენციური დეპატამენტის N19 დაწესებულებაში პატიმრების ნ.გ.-ს, ი.ლ.-სა ი.მ-ს მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
ნ.გ., ი.ლ. ი.მ, რომლებიც დაავადებული არიან ტუბერკულოზით, N19 დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ აღქმული არიან გბტ თემის წარმომადგენლებად და ისინი განთავსებული არიან სამეურნეო ნაწილიში. ფიზიკური გარემო, სადაც მომცივნები ცხოვრობენ არის სავალალო მდგომარეობაში. არც ერთი მათგანის საკანს არ აქვს სათანადო ფანჯრები და არ შემოდის დღის შუქი; საკნები არის ჭუჭყიანი, არაჰიგიენური და ტექნიკური გაუმართავობის გამო საცხოვრებლად საშიში. სამივე საკანში არის ანტისანიტარია, დადიან ტარაკნები და სხვა მწერები. არ ხდება საკნების სათანადოდ გათბობა და საშხაპე და ტუალეტი არის მოუწესრიგებელი.
N19 დაწესებულების ადმინისტრაციის განმარტებით, მომჩივნები ძირითად საცხოვრებელ კორპუსზე ვერ გადაჰყავთ, რადგან აღნიშნულმა ძირითად კორპუსში მყოფ პატიმრებს შორის შესაძლოა გამოიწვიოს უკმაყოფილება მომჩივნების სექსუალური ორიენტაციის გამო. აღსანიშნავია, რომ ძირითადი კორპუსის მე-5 სართული ადმინისტრაციას დაკეტილი აქვს, იმის გამო, რომ მომავალში შეიძლება მისი გამოყენების აუცილებლობა შეიქმნას. მომჩივნების მე-5 სართულზე გადაყვანის შემთხვევაში კი დასჭირდებათ დამატებითი პერსონალი, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ასევე ჯანდაცვის კუთხით, რომლის საშუალებაც ამ ეტაპზე არ აქვთ.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია არსებული ტექნიკური თუ ფინანსური პირობების მიუხედავად, თავისი პენიტენციური სისტემა იმგვარად მოაწყოს, რომ უზრუნველყოფილი იქნას დაავადებული პატიმრების პატივისცემა და ღირსება. შესაბამისად, ციხეში არსებული დამამცირებელი პირობები ვერ იქნება გამართლებული რესურსების ნაკლებობით.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 დაწესებულების მიერ გამოყენებელი საშუალება, რაც გამოიხატა ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მათი ჯანმრთელობისა და ღირსებისათვის შეუსაბამო გარემოში განთავსებაში, ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ მომჩივანთა მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას მათი სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის გამო და არ იყო მათი უსაფთხოების უზრუნველყოფისა და შესაბამისად ამ მიზნის მიღწევის გონივრული, თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია ნ.გ-ს, ი.ლ.-სა და ი.მ-ს მიმართ, მათი სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.