სახალხო დამცველმა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
2021 წლის 21 დეკემბერს სახალხო დამცველმა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა და შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოითხოვა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი 2021 წლის თებერვლიდან 4 აგვისტომდე მუშაობდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. აგვისტოს დასაწყისში კი, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან. განმცხადებელის მტკიცებით, მისთვის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარის მიზეზი მისი ძმის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“ მჭიდრო კავშირით იყო განპირობებული.
მართალია, მოპასუხის (გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს) განმარტებით, შრომითი ურთიერთობა კანონიერი საფუძვლით - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 4 აგვისტოს ხელშეკრულების ვადა სააგენტოში დასაქმებულ 29 პირს ამოეწურა და მათგან 28-ს ხელშეკრულება გაუგრძელდა.
რეკომენდაციაშია დასაბუთებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არგუმენტი, არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია განმცხადებლის პროფესიონალიზმი. ამასთან, სააგენტოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია, თუ რომელ კრიტერიუმებს, გარემოებებსა თუ ფაქტორებს იღებს მხედველობაში სააგენტოს დირექტორი ხელშეკრულების გაგრძელების ან/და გაუგრძელებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და ასევე, არ განუმარტავს, რა გახდა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს, აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით და მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით,
რეკომენდაციაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ააიპ-ებიდან დასაქმებული პირების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შემთხვევები.