სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა
2018 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა ზ.დ.-ს წინააღმდეგ განცხადებების განხილვა, რომლებიც სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებს შეეხებოდა. განხილული 5 განცხადებიდან, 3 შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა და სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაცია გამოსცა, ხოლო 2 შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდა, საკმარისი მტკიცებულებებს არარსებობის გამო.
ზ.დ.-ს მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროების დადგენის მოთხოვნით, სახალხო დამცველს 2018 წლის აპრილსა და მაისში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხუთმა ქალმა მიმართა. აღნიშნულ საქმეებზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ მხარეებს, აწარმოეს მიმოწერა, გაესაუბრნენ და წერილობით გამოითხოვეს ინფორმაცია მესამე პირებისგან. მხარეებს შორის ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი კომუნიკაციის გაცვლა 2018 წლის 10 ოქტომბერს დასრულდა.
განცხადებების სრულყოფილი განხილვის შედეგად, სამი განმცხადებლის მიმართ დადგინდა სექსუალური შევიწროების ფაქტი. საქმეებში აღინიშნებოდა მტკიცებულებების ნაკლებობა, თუმცა, წარმოდგენილი პოზიციებით და ზოგიერთ შემთხვევაში წერილობითი კომუნიკაციის ასლებით, მხარეებს შორის ურთიერთობის ფაქტი დასტურდებოდა. ასევე, მესამე პირების ახსნა-განმარტებებსა და წერილობით კომუნიკაციაზე დაყრდნობით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ.დ.-ს მხრიდან არასასურველი ქცევის გამოვლინების შემდეგ განმცხადებლებმა მასთან კონტაქტი შეწყვიტეს.
სამივე განმცხადებელთან ზ.დ.-ს მხრიდან ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზ.დ.-ს წინააღმდეგ განცხადებებით აპარატს მას შემდეგ მიმართეს, რაც სახალხო დამცველმა მისი კანდიდატურა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობაზე წარადგინა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზ.დ.-ს წინააღმდეგ პროცესები კამპანიურ ხასიათს ატარებდა, აღნიშნული არ გამორიცხავს სექსუალური შევიწროების ფაქტების არსებობას და შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ ზემოაღნიშნულზე აპელირება ვერ დააყენებს ეჭვქვეშ განმცხადებელთა მონათხრობის ნამდვილობას.
ამასთან, სახალხო დამცველს არ გასჩენია ვარაუდის საფუძველი, რომ განმცხადებლებმა ზ.დ.-ს სექსუალური ქცევის გამოხატვის ვერბალური ფორმა და კონკრეტული ფრაზები განზრახ არასწორად გადმოსცეს, რადგან განმცხადებლები არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული პირები და განსხვავებული პიროვნული და პროფესიული პროფილი აქვთ. სამივე მათგანს ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ ზ.დ.-სთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებდა. სამივე განმცხადებელი მოუყვა მეგობრებს არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევის შესახებ და შეხვედრის შემდეგ ზ.დ.-სთან კონტაქტი არც ერთ მათგანს არ ჰქონია.
რაც შეეხება სხვა ორ განმცხადებელს, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ მიმართ სექსუალური შევიწროება ვერ დადგინდა. კერძოდ, არ იკვეთებოდა, კონკრეტულად როდის შეწყვიტეს ზ. დ.-სთან კონტაქტი და როდის გამოხატეს, რომ მოპასუხის ქცევა მათთვის არასასურველი იყო.
აღნიშნული განცხადებების განხილვისას სახალხო დამცველმა იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული სტანდარტით, რომლის თანახმად, შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა, რომ კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელი იქნებოდა მსხვერპლისთვის (Ought to have known). აღნიშნული მიდგომა აწესებს სექსუალური შევიწროებისათვის სუბიექტურობისა და ობიექტურობის ტესტს, რომელშიც სუბიექტურობის კომპონენტი არის შემავიწროებლის დამოკიდებულება მისი ქცევის მიმღებლობასთან დაკავშირებით, ხოლო ობიექტურობის კომპონენტი კი ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იქნებოდა კონკრეტული ქცევა მიღებული, გონივრულობის ფარგლებში, მესამე პირის მიერ.
სახალხო დამცველი ასევე დაეყრდნო ქალის მიერ გონივრული აღქმის სტანდარტს (Reasonable woman standard), რომელიც მხედველობაში იღებს სექსუალური შევიწროების ფაქტის თაობაზე ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ აღქმებს. აღნიშნული სტანდარტი სექსუალური შევიწროების ფაქტს განიხილავს ქალის პერსპექტივიდან და წარმოადგენს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომას.