ყველა რეკომენდაცია

სახალხო დამცველმა საშვილოსნოს მილების გადაკეტვის პროცედურისას პარტნიორი კაცის თანხმობის მოთხოვნა დისკრიმინაციულად მიიჩნია

2020 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა სს „ჩაჩავას კლინიკას“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა პაციენტის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ საშვილოსნოს მილების გადაკეტვის პროცედურის ჩასატარებლად მეუღლის წერილობითი თანხმობა მოსთხოვეს.

შესაბამისი გარემოებების, მათ შორის, კლინიკის პოზიციის შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პრაქტიტიკის მიზანია, მომავალში კლინიკის მიმართ ქალი პაციენტის მეუღლის/პარტნიორის მხრიდან პრეტენზიების თავიდან აცილება და ოჯახში კონფლიქტის პრევენცია. თუმცა, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საკითხი უკავშირდება ქალთა უფლებას, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით. ამასთან, სამედიცინო მომსახურების გაწევის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები არ ითვალისწინებს ნათესავის/ოჯახის წევრის ინფორმირებას და წერილობით თანხმობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პაციენტს არ შეუძლია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კანონიერი საფუძვლის გარეშე, შეუძლებელია კლინიკის პრაქტიკას ამ მიმართულებით ჰქონდეს რაიმე სახის ლეგიტიმური მიზანი. „ჩაჩავას კლინიკაში“ დამკვიდრებული პრაქტიკა არის დისკრიმინაციული და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და მის სხეულზე კონტროლის საშუალებას აძლევს მეუღლეს/პარტნიორს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სს „ჩაჩავას კლინიკას,“ აღმოფხვრას სტერილიზაციის პროცედურის მოთხოვნის თაობაზე განცხადებაში მეუღლის/პარტნიორის წერილობითი თანხმობის მიღების პრაქტიკა; მომავალში სტერილიზაციის პროცედურის მოთხოვნის თაობაზე განცხადებაში დაფიქსირდეს მხოლოდ პაციენტის ხელმოწერილი თანხმობა, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა და სტერილიზაციის პროცედურის მომსახურების გაწევის დროს იხელმძღვანელოს საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული და ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა სახალხო დამცველმა 2018 წელსაც გამოკვეთა.[1] შესაბამისად, ამავე რეკომენდაციით სახალხო დამცველმა კვლავ მოუწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, განაგრძოს პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) შემთხვევაში მისი მეუღლის/პარტნიორის თანხმობის სავალდებულო წესით მოთხოვნის დაუშვებლობის შესახებ.


[1] სახალხო დამცველის 2018 წლის 28 სექტემბრის ზოგადი წინადადება, ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/res/docs/2019101009443285865.pdf

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)