სახალხო დამცველმა ნარკომანიის პრევენციის ცენტრს დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა
2022 წლის 29 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორს საქმიანობის ფორმის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.
როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დამკვიდრებული პრაქტიკა თვითდასაქმებულ პირებს სამკურნალო საშუალების ხელზე გატანის საგამონაკლისო შესაძლებლობით სარგებლობას უზღუდავს მაშინ, როცა ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის პრეპარატის წაღება ნებადართულია. მოქნილი მექანიზმების არარსებობის გამო, არახელსაყრელ მდგომარეობაში შესაძლოა ის პირებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც ქვეყნის შიგნით გადაადგილება არა სამსახურებრივი, არამედ პირადი მიზეზებით მოუწიოთ.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მკურნალობის უწყვეტობის პარალელურად, საარსებო სახსრების მოპოვება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირებისთვის, ისე - თვითდასაქმებულთათვის. რეკომენდაციაში ხაზგასმულია, რომ თვითდასაქმებულის ცნებას ცნობს, როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე - ეროვნული კანონმდებლობა. გარდა ამისა, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, სახელმწიფომ აღიარა თვითდასაქმებული პირებისთვის შემოსავლების მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მნიშვნელობა და ქვეყანაში თვითდასაქმების ფაქტის დადასტურების კუთხით გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვილია.
საქართველოს სახალხო დამცველმა თავისი რეკომენდაციით სამკურნალო საშუალების ხელზე გატანის უფლებაზე თვითდასაქმებული პირების წვდომის უზრუნველსაყოფად, მოქნილი მექანიზმების დანერგვა და ქვეყნის შიგნით გადაადგილების სხვა საპატიო შემთხვევების გათვალისწინება მოითხოვა.