სახალხო დამცველმა ლექტორის მხრიდან სტუდენტის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან შემავიწროებელთან ხელშეკრულების შეწყვეტას და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, უმაღლესმა სასწავლებელმა სამომავლოდაც გააგრძელოს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.
აკადემიურ ურთიერთობაში სიტყვიერი ფორმით გამოხატული სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა 2024 წლის 26 თებერვალს დაადგინა და შემავიწროებელსა და ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორს რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა ლექტორის მხრიდან სტუდენტის პირადი ცხოვრების დეტალებით დაინტერესება, დასალევად დაპატიჟება, განმარტოებით დაკეტილ ბინაში შეხვედრის შეთავაზება და ფამილარული ტერმინით მიმართვა, რამაც განმცხადებელს ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა.
საქმეში არსებული მასალები სამართლიანად წარმოშობს სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდს, ხოლო, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, მოპასუხის ქმედებები გასცდა აკადემიური ქცევის სტანდარტებსა და სტუდენტსა და ლექტორს შორის დაშვებული ურთიერთობის ფარგლებს. საგანმანათლებლო სივრცეებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების არსებობა, დაქვემდებარებითი ურთიერთობისა და ძალთა დისბალანსის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საგანგაშოა და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ხარისხიანი განათლების მიღებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორს, შემდგომში არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას სტუდენტებსა თუ სხვა პირებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.