სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით „სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ს რეკომენდაციით მიმართა
2022 წლის 22 თებერვალს სახალხო დამცველმა „სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქის განცხადება, რომელმაც სადაზღვევო კომპანიისგან სამოგზაურო დაზღვევა შეიძინა. განმცხადებელმა საზღვარგარეთ ყოფნისას ისარგებლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით, თუმცა, სადაზღვევო კომპანიამ დაზღვეულის მიერ გაწეული ხარჯების დაფარვაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ იგი 70 წლის იყო. როგორც ჩანს, სადაზღვევო პოლისის მიყიდვის ეტაპზე განმცხადებლისთვის ამ პირობის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
საქმის შესწავლისას დადასტურდა, რომ სადაზღვევო კომპანიას ჰქონდა ზოგადი წესი, რომლის თანახმად, 70 და მეტი ასაკის პირებს სამოგზაურო დაზღვევის პოლისით არ უნაზღაურდებოდათ სამედიცინო ხარჯები. სადაზღვევო კომპანიის განმარტებით, მსგავსი მიდგომის საფუძველია ის გარემოება, რომ შესაბამისი ასაკის პირები უპირობოდ ითვლებიან გაზრდილი რისკის მატარებლად, აქედან გამომდინარე, სტანდარტული პირობებით მხოლოდ დაზღვეულის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები იფარება.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის დადგენა, რომლის მიღმა მყოფი პირი ავტომატურად ჩაითვლება განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონედ, გაუმართლებელია. ამ მიდგომით გამოირიცხება პირის მდგომარეობის ინდივიდუალურად შეფასების სქემა. კერძო კომპანიებს კი აქვთ ვალდებულება, რომ თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით ხანდაზმული მოსახლეობის მიმართ გაატარონ ღირსებაზე დაფუძნებული პოლიტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „იმედია L-ს“ მოუწოდა, გადახედოს მ. ლ.-სთან დადებულ სამოგზაურო დაზღვევის პირობებს. კერძოდ, ინდივიდუალურად შეაფასოს იგი და განმცხადებლის მიერ უკვე გაღებული სამედიცინო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სახალხო დამცველი რეკომენდაციაში მიუთითებს, რომ, არსებითია, კომპანიამ მომავალში არ დაუშვას ასაკის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით; დროულად უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს ერთ-ერთ საქმეში მომხმარებლისთვის მხოლოდ მისი ხანდაზმული ასაკის გამო სამოგზაურო დაზღვევის მიყიდვაზე სადაზღვევო კომპანიის უარი დისკრიმინაციად მიიჩნია. მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე კომპანიამ სამოგზაურო დაზღვევის გაცემის უთანასწორო პოლიტიკა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად აღმოფხვრა.