სახალხო დამცველის რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე
სახალხო დამცველმა ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა კულტურის მინისტრს, სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
სახალხო დამცველს ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა მომართა, რომლის პროექტმა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამის მიუხედავად, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის გადაწყვეტილებით, 2022 წლის მაისიდან - 2023 წლის თებერვლამდე (დაახლოებით, 8 თვის განმავლობაში), ეკრძალებოდა ეროვნულ მუზუმში შესვლა და კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
დამატებით, განმცხადებელს 5 თვის განმავლობაში არ მიუღია პასუხი არქეოლოგიურ გათხრების წარმართვის საკითხზე, ხოლო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში მიიღოს. 5 თვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიღებული პასუხით კი ირკვევა, რომ სააგენტო თავად გეგმავს სოფელ ქვემო ოროზმანში მდებარე, მის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის არქეოლოგიურ შესწავლას და შემდგომ განვითარებას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილი კანონმდებლობით გაწერილ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
ნიშანდობლივია, რომ განმცხადებელმა არაერთხელ გააკრიტიკა კულტურის მინისტრი და ეროვნული მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, მოპასუხეებს არც კი უცდიათ დაესახელებინათ ლეგიტიმური მიზანი, რომელიც განსხვავებულ მოპყრობას გაამართლებდა და სახალხო დამცველს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა ლეგიტიმური მიზნისა და განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლების დასაბუთებულობის საკითხზე.
სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში მოუწოდა:
სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს:
- უზრუნველყოს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ პირთა ეროვნული მუზეუმის სამუშაო ოთახებში დაშვება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:
- კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, გასცეს განმცხადებელზე ოროზმანის არქეოლოგიურ ობიექტზე მის მიერ მოთხოვნილი არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა.
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს:
- როგორც ზედამხედველმა უწყებამ, მონიტორინგი გაუწიოს მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს და უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან შესაბამისობა, ხოლო ასეთი პოლიტიკის დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დროული შემუშავება.