რეკომენდაცია გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ
2016 წლის 13 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი კანონის თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და ყველა სტუდენტისთვის უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის უფლება მათი გაერთიანებისადმი კუთვნილების მიუხედავად.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, 2016 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წარმოება უმაღლესი განათლების მარეგულირებელ კანონმდებლობაში თანასწორობის უფლების დარღვევის შესწავლის მიზნით.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნორმების თანახმად, საფაკულტეტო საბჭოს წევრი სტუდენტები არიან მხოლოდ სტუდენტური თვითმართველობის წევრები, შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში და მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელებაში ჩართულები არიან მხოლოდ თვითმართველობის წევრები და არა სხვა სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის ფარგლებში არსებული სხვა გაერთიანების წევრები არიან ან საერთოდ არ წარმოადგენენ რომელიმე გაერთიანებას.
კანონში არსებული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის გაერთიანების უფლების ნეგატიურ ასპექტთან, რამდენადაც, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტი გაერთიანდეს თვითმმართველობაში, რაც წარმოადგენს იძულების ირიბ მექანიზმს და ამ გზით ზღუდავს სტუდენტის გაერთიანების უფლების ნეგატიურ ასპექტს. გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტის დარღვევის შედეგად, სტუდენტები, რომლებიც არ ერთიანდებიან თვითმმართველობაში, არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან თვითმმართველობის წევრ სტუდენტებთან შედარებით.
სახალხო დამცველი ითვალისწინებს, რომ სტუდენტები, რომლებიც არ არიან თვითმმართველობის წევრები, სრულებით არ არიან მოკლებულნი შესაძლებლობას, გახდნენ საფაკულტეტო საბჭოს წევრები და მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მართვაში, თუმცა, კანონის ანალიზიდან გამომდინარე, არ იკვეთება ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის პროცესში მხოლოდ კონკრეტული გაერთიანების წევრი სტუდენტების ჩართულობას. ბუნდოვანია ნორმის მიზანი, რომელიც სტუდენტს, რიგი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის, აიძულებს გაწევრიანდეს გაერთიანებაში, რომლის წევრობაც, შესაძლოა, მის თავისუფალ არჩევანს არ წარმოადგენდეს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სტუდენტის უფლება, არჩეულ იქნას ფაკულტეტის წარმომადგენლობით ორგანოში და მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვის პროცესში, გაუმართლებლად არის დაკავშირებული მის გაერთიანებისადმი წევრობასთან, რამდენადაც, აღნიშნული წარმოადგენს ბარიერს სტუდენტისთვის მისი უფლებებით სარგებლობისას და არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია. მსგავსი მიდგომა კი გონივრული გამართლების გარეშე არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან თვითმმართველობის წევრები, რაც წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციას გაერთიანების წევრობის ნიშნით.