სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროება დაადგინა
სახალხო დამცველმა შპს CD Company-ში დასაქმებული ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციით მიმართა კომპანიის დირექტორს, სადაც მოუწოდა მას მომავალში არ განახორციელოს დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო. სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებლის ინტერესებს ააიპ „საფარი“ წარმოადგენდა.
განმცხადებელი დასაქმებული იყო შპს CD Company-ში. სამსახურის დაწყებიდან მალევე, კომპანიის დირექტორმა მასთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო. ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას. დამსაქმებელი ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელებს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, უფროსს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.
საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს მტრული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში კომპანიის ხელმძღვანელს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაოს შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.