საკონსტიტუციო სარჩელი მოქალაქეობისა და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის შემზღუდავი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციით მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, როდესაც ირღვევა გარკვეულ პირთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვადასხვა ნორმის გაუქმება მოითხოვა, რომლებიც არაკონსტიტუციურად ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესში გასაჩივრების უფლებას, ასევე არღვევს თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს:
- სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ამკრძალავი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება კანონმდებლობით განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, აუცილებელია დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს, რათა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკი.
- საერთაშორისო სამართლის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია აღიარებს, რომ საქართველო არ დასჯის მის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის ან ყოფნისთვის ლტოლვილებს. თუმცა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი საგამონაკლისო წესით თავშესაფრის მაძიებელ პირზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ავრცელებს, იმ შემთხვევაში თუ საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უკანონოდ შემოსვლისა და ყოფნისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ეწინააღმდეგება თავშესაფრის მიღების უფლებას და ის ასევე არღვევს კანონიერების პრინციპს.
- სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელით ასევე გასაჩივრებულია, საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების განხილვისთვის დადგენილი წინაპირობა, რომლის თანახმად განმცხადებლი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს განცხადების წარდგენიდან საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ხსენებული პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს ორ წლამდე და მოცემულ პერიოდში განმცხადებლის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, თუნდაც მცირე ვადით, გამოიწვევს საერთაშორისო დაცვის შესახებ საქმის შეწყვეტას და მისი მოთხოვნის განხილვაზე უარს. აღნიშნულ პერიოდში განმცხადებლები საქართველოში ვერ სარგებლობენ რიგი სერვისებით, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის გარკვეული საბანკო მომსახურება, დადგენილი აკრძალვის გამო კი ისინი ვერ მიდიან იმ ქვეყანაში სადაც შეძლებენ საჭირო მომსახურების მიღებას, ასევე საქართველოს ტერიტორიას ვერ ტოვებენ მოკლე ვადიანი სამუშაოს მიღების მიზნით. სახალხო დამცველის მოსაზრებით, კანონით დადგენილი წესი ხისტია, გარდა „სასიცოცხლო ინტერესისა“, რაც ძირითადად უკავშირდება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს სტატუსის მაძიებლი პირის სხვა ინდივიდუალურ საჭიროებებს და ბლანკეტურად ზღუდავს თავშესაფრის მიღების უფლებას.
იმედს ვიტოვებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელებს და ამ გზით უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.