ოჯახში შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიების დაწყება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2022 წლის 21 მარტიდან სწავლობდა შშმ პირის, თ. ა.-ს განცხადებას მის მიმართ განხორციელებული ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. განმცხადებლის თქმით, მამის მხრიდან ძალადობის ფაქტების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავდა, თუმცა სამართალდამცავი უწყება შესაბამის რეაგირებას არ ახორციელებდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქმის შესწავლის პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, საიდანაც სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ შეისწავლეს ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტები, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა და შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა. საქმის შესწავლისას ასევე გამოიკვეთა, რომ ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმცხადებელი თ. ა. არ გამოუკითხავთ.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება სთხოვა. პასუხად, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა გამოძიების დაწყების მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თ. ა. გამოკითხეს.
აღნიშნულ საქმეზე გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო იაკობიძემ იმუშავა.