ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაზარალებულად და ბრალდებულად ცნობა, სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულყოფილად გადაცემა, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის სწორი კვალიფიკაცია
2021 წლის აგვისტოში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მ.თ.-მ განცხადებით მომართა და აცხადებდა, რომ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის მარტის თვიდან მიმდინარეობდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად დაზარალებულად არ უცვნიათ და სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ არ დაწყებულა.
ამასთან, მას არ გადაეცა სისხლის სამართლის საქმის სრული მასალები.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა საქმის შესწავლის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ განმცხადებელს გაეწია კონსულტაცია ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ და ქვეყანაში მომუშავე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც შესაძლო ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შემდეგ, განმცხადებელი სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დაზარალებულად ცნეს. ასევე, საქმეზე ბრალდებულად ცნეს კონკრეტული პირიც.
სახალხო დამცველის რწმუნებულის კონსულტაციის შემდგომ განმცხადებელმა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმომადგენლის დანიშვნის თხოვნით მიმართა, რის შედეგადაც უფლებადამცველი ადვოკატი დაენიშნა.
საქმის შესწავლის შედეგად ასევე გამოიკვეთა მ. თ.-ს მიმართ განხორციელებული ქმედების შესაძლო არასწორი კვალიფიკაციის საკითხიც. გარდა ამისა, საქმის შესწავლის მიმდინარეობისას მ. თ. აცხადებდა, რომ იმის მიუხედავად, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნეს, სამართალდამცავ უწყებას სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად არ გადაუცია. მ. თ.-მ სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და სამართალდამცავი უწყება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად არ ცნობდა.
სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა კვალიფიკაცია და განმცხადებლის მიმართ განხორციელებული ქმედება დაკვალიფიცირდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულად. ასევე, განმცხადებელს გადაეცა მისი ყველა გამოკითხვის ოქმი, რაც სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა. აგრეთვე, მ. თ. ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნეს.
აღნიშნულ საქმეზე გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გვანცა ხარატიშვილმა იმუშავა.