იძულებითი ნიშნობის საქმეზე არასათანადო რეაგირების განხორციელება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2023 წლის 20 იანვრიდან სწავლობს ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას 12 წლის გოგოს შესაძლო იძულებითი ნიშნობის შესახებ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ეცნობა, რომ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა და შემდგომში შეფასების მიზნით, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ასლი გამოითხოვა. პასუხად, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება გაუქმდა და გამომძიებელს მიეცა წერილობითი მითითება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო იაკობიძემ იმუშავა.