საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა
2022 წლის 21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ კომუნიკაცია წარუდგინა.
კომუნიკაცია ეხება ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ზოგადი ღონისძიებების ხარვეზებს.
კერძოდ, სახალხო დამცველმა კომიტეტს წარუდგინა პოზიცია პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზგასმულია , რომ არაფორმალური მმართველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
კომუნიკაციაში მიმოხილულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული სირთულეები, გამოძიების პროცესის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ამასთანავე, გაკრიტიკებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ.
დოკუმენტში ასევე მოცემულია სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.