2019 წლის 19 აგვისტოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა
2019 წლის 19 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა.[1]
კომუნიკაცია ეხება იდენტობის ჯგუფის საქმეების (იდენტობა საქართველოს წინააღმდეგ, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობას. კერძოდ, ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ქსენოფობიის სისტემურ პრობლემას და ასევე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების კუთხით ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს.
მინისტრთა კომიტეტი მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ სხდომაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხს განიხილავს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს შეაფასებს.
სახალხო დამცველმა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელმა ეროვნულმა ინსტიტუტმა, კომუნიკაციის დოკუმენტით კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი შესაძლებლობა და მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. სახალხო დამცველის კომუნიკაციაში მიმოხილულია როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ხასიათის სისტემური პრობლემები. ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
- ლგბტ+ თემის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის კუთხით
- სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრობლემა
- განსახვავებული რელიგიური ჯგუფებისა და ეთნიკური იდენტობის მქონე პირთა მიმართ არსებული მტრული გარემო
- საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად; ასეთი ტიპის დანაშაულებზე სამართალდამცავთა რეაგირების საკითხი
ასევე, დოკუმენტში შეფასებულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობა ზემოთ მოყვანილი სისტემური პრობლემების აღმოფხვრის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომუნიკაციის წარდგენის შესაძლებლობა სახალხო დამცველმა 2017 წელსაც გამოიყენა და კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იდენტობის ჯგუფის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.
[1] კომუნიკაცია მომზადდა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.